English / ქართული / русский /
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
ურბანიზაციისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დამოკიდებულების ანალიზისათვის

ანოტაცია. ურბანიზაცია, როგორც ფენომენი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდგრადი განვითარების მიზნებში. იგი მრავალმხრივიმოვლენაა და ცალსახად მისი შეფასება შეუძლებელია. ურბანული პროცესების დინამიკას დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში სოციალურ, ეკონომიკურ და განსაკუთრებით ეკოლოგიურ  გარემოზე.

ნაშრომში განხილულია ურბანიზაციის, როგორც სოციალური ტრანსფორმაციის არსი და მისი კავშირი  ქვეყნის განვითარების ინდიკატორებთან; გაანალიზებულია ურბანიზაციის დადებითი და უარყოფითი ეფექტები. ყურადღება გამახვილებულია ურბანიზაციის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დამოკიდებულების თეორიულ და ემპირიულ ასპექტებზე. ამისათვის გაანალიზებულია საქართველოში ურბანიზაციის დონისა  და ეკოლოგიური უსაფრთხოების ინდიკატორთა დინამიკა.

საკვანძო სიტყვები:  ურბანიზაცია; მდგრადი განვითარება; ეკოლოგიური უსაფრთხოება; ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი. 

ურბანიზაცია, როგორც ფენომენი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდგრადი განვითარების ნათლად და ცხადად განსაზღვრულ მიზნებში (SGI). თანამედროვე ეპოქაში იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ ტრანსფორმაციას  და უშუალო კავშირშია ქვეყანაში  მიმდინარე  სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პროცესებთან (Liddle, B. 2017). უნდა აღინიშნოს, რომ ეს კავშირი და შესაბამისად დამოკიდებულება არ არის ცალმხრივი. მიზეზ-შედეგობრივი კავშირები შესაძლოა სხვადასხვა მიმართულების აღმოჩნდეს. მაგალითად, ერთი  მხრივ, ქვეყნის განვითარება განაპირობებს ურბანულ პროცესებს, მეორე მხრივ კი  ურბანიზაცია  გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაზე, სამართლიანობაზე,  ეკოლოგიაზე და ზოგადად ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან მახასიათებლებზე.

ურბანიზაცია ეხება ქალაქების ფიზიკურ, ადამიანურ და ეკონომიკურ განვითარებას. იგი მოიცავს ხალხისა და სოციალური აქტივობების კონცენტრაციას, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით. ურბანიზაციის ხარისხი განპირობებულია როგორც მოსახლეობის ბუნებრივი ზრდით და მიგრაციით, ასევე ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებებით, რაც ადამიანებს უბიძგებს მიგრაციისკენ ურბანულ რაიონებში, სადაც შესაძლებელია დასაქმება.  ურბანიზაციის დონის გამოსათვლელად ფართოდ გავრცელებული  მიდგომის მიხედვით გამოიყენება შემდეგი ფორმულა (Bloom et al. 2010): 

  

სადაც Urbant -თი აღნიშნულია ურბანიზაციის დონე, PUt  და PRt გამოხატავს  შესაბამისად ურბანულ და არაურბანულ მოსახლეობის რიცხოვნობას. 

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ურბანიზაცია შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული (სოციალური ინდიკატორები მოიცავს  სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას, განათლების დონეს, ინფრასტრუქტურას, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სხვა).  ურბანული ქვეყნები, შემოსავლების უფრო მაღალი დონით, ძლიერი ინსტიტუტებითა და სტაბილური ეკონომიკით გამოირჩევა, ეს სტაბილურობა კი განაპირობებს  იმას, რომ მათ შეუძლიათ გაუძლონ მსოფლიო ეკონომიკურ რყევებსაც. 

ურბანიზაცია გულისხმობს ადამიანთა პოპულაციების ისეთ კონცენტრაციას ცალკეულ ადგილებში, როდესაც ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება ქვეყნის მთელ მოსახლეობაში. ეს კონცენტრაცია იწვევს მიწის ტრანსფორმაციას საცხოვრებელი, კომერციული, სამრეწველო და სატრანსპორტო მიზნებისთვის. ურბანიზაციის შედეგად მიღებული დადებითი ეფექტების  გარდა,  სწრაფმა  ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ, გამოკვეთა ისეთი სოციალური პრობლემები, როგორიცაა უთანასწორობა და დისბალანსი, რაც  სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ამან საფრთხე შეუქმნა მდგრადი განვითარებას განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სწორედ ამიტომ ეს საკითხი დიდ ყურადღებას იმსახურებს.

მსოფლიოში არსებული დინამიკის (განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ აზიის სწრაფად განვითარებად ქვეყნებს) მსგავსად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში არსებული ურბანიზაციის დონის დინამიკა, რომელიც წარმოდგენილია ნახაზ #1-ზე. 

ნახ. #1

 

წყარო: ავტორისეული გაანგარიშებები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. 

ურბანიზაცია მრავალმხრივი მოვლენაა და შეუძლებელია მისი გაზომვა ერთი კონკრეტული მაჩვენებლის თუ მახასიათებლის მიხედვით. განვითარებადი ქვეყნების საქალაქო არეალში მოსახლეობის დიდი რაოდენობა და მათი ზრდა არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცალსახად დადებითი მოვლენა. მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდა ზრდის სიკვდილიანობისა და დაავადებების განვითარების რისკებს. ეკოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად იცვლება სიმჭიდროვის ზრდასთან ერთად. ეკოლოგიურ სურათს ამძიმებს არა მხოლოდ ჰაერის ხარისხის გაუარესება გამონაბოლქვისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, არამედ სწრაფი განაშენიანება გავლენას ახდენს და იმატებს წყალდიდობების, შტორმების, მეწყრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა. ქალაქებში დაბალი  შობადობის მაჩვენებელი, რაც ქვეყნის დემოგრაფიულ სურათზე აისახება, გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, სოციალური უთანაბრობის ზრდა და ა.შ. ურბანიზაციის პროცესის თანამდევი ნეგატიური ეფექტებია. სწრაფი ურბანიზაცია (რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხდება) იწვევს უზარმაზარ პრობლემებსა და გამოწვევებს, როგორიცაა წყლის და ნიადაგის ხარისხის გაუარესება, ჰაერის გადაჭარბებული დაბინძურება, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხები და გარემოს დეგრადაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ურბანიზაციის, როგორც ფენომენის შესწავლისას გვერდს ვერ ავუვლით ეკოლოგიური უსაფრთხოების თემას. ეკოლოგიური უსაფრთხოება პირველ რიგში, დაკავშირებულია  გარემოს დაცვასა და გამოყენებასთან, რომელსაც არ გააჩნია ადმინისტრაციული, ეროვნული ან სახელმწიფო საზღვრები. მეორეც, ეკოლოგიის პრობლემების გადაჭრა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სხვა პრობლემების გადასაჭრელად. მესამე, ეკოლოგიური კრიზისი შეიძლება ბევრად უფრო საშიში იყოს  მისი მასშტაბებითა და შედეგებით, ვიდრე, მაგალითად, პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური ან საინფორმაციო. ამ პრობლემის გადასაჭრელად მოლაპარაკება შეიძლება გაგრძელდეს ათწლეულების განმავლობაში ან თუნდაც ასობით წლის განმავლობაში.  „ეკოლოგიური უსაფრთხოების“ ცნების სხვადასხვა ფორმულირებისა და განმარტებების ანალიზი, რომლებიც მოცემულია ლიტერატურასა და პრაქტიკაში, გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ამ ცნების მნიშვნელობის ამსახველი ერთიანი დეფინიცია. ზოგიერთი ეკოლოგიურ უსაფრთხოებას განიხილავს, როგორც ადამიანის, საზოგადოებისა და გარემოს დაცვის მდგომარეობას ანთროპოგენური ფაქტორების, ბუნებრივი საფრთხისა და კატასტროფების მავნე ზემოქმედებისგან (ტეილორი, 2014). სხვები განსაზღვრავენ ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, როგორც გარემოს დაცვის კომპონენტს (Xie, 2014). ზოგიერთი კი აიგივებს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას და გარემოს დაცვას (Bucagu et al., 2014).

მეცნიერები იყენებენ „ეკოლოგიური უსაფრთხოების“ ცნებას არა მხოლოდ გარემოს დაცვის, არამედ ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, მათი რეპროდუქციისა და ხარისხის გაუმჯობესების აღსანიშნავად Yin et al., 2014). კომპლექსური სისტემური მიდგომის პოზიციებიდან, ეკოლოგიური უსაფრთხოება მიზანშეწონილია რამდენიმე ასპექტით განვიხილოთ. პირველ რიგში, როგორც სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. მეორეც, როგორც უსაფრთხოების დამოუკიდებელი ცალკეული ტიპი,  რომელიც   მოიცავს  უსაფრთხოების სხვა უფრო დაბალი დონის ტიპებს. დაბო­ლოს განიხილება როგორც სოციალური შრომის ნებისმიერი პროდუქტის კომპლექსური ატრიბუტი, მაგალითად, სამშენებლო, სამრეწველო ან ენერგეტიკული ობიექტი, სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების ტექნოლოგია, კომუნალური პროდუქტები, საკვები და ა.შ. აშკარაა, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოება, ისევე როგორც ეროვნული უსაფრთხოება,  შეიძლება იყოს გარე ან შიდა და ის ემყარება სამ ძირითად ცნებას: „ეკოლოგიური ინტერესები“, „ეკოლოგიური საფრთხე“ და „ბუნების დაცვა“. ეკოლოგიური ინტერესები საზოგადოების ობიექტური მოთხოვნილებებია ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების, სუფთა ჰაერის სუნთქვის, სუფთა წყლის დალევის, სუფთა საკვების მოხმარებისა და ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისათვის. ეკოლოგიური ინტერესები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და გრძელვადიანია.  ეკოლოგიური უსაფრთხოების შენარჩუნება შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების დაცვითა და  მათი რაციონალურად გამოყენების გზით.

დღეს ფართოდაა გავრცელებული ეკოლოგიური მდგრადობის 3 ოქროს წესი, რომელიც ცნობილია მდგრადობის "სამი R-ით", ესენია: შემცირება, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება — “Three R’s” of Sustainability: Reduce, Reuse and Recycle. სამი R-ის მიზანია ნარჩენების თავიდან აცილება და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება.

უფრო კონკრეტულად კი რა იგულისხმება  მდგრადობის "სამი R" ტერმინში:

  • Ø შემცირება: პირველ რიგში ნაკლები რესურსის გამოყენება. პროდუქციის წარმოებისთვის, ტრანსპორტირებისა და განკარგვისთვის საჭიროა რესურსები, ამიტომ ეს ითვალისწინებს ნაკლები ახალი რესურსების გამოყენებას.
  • Ø ხელახალი გამოყენება:  მასალების არაერთხელ გამოყენება ორიგინალური სახით, ყოველი გამოყენების შემდეგ გადაყრის ნაცვლად. ხელახალი გამოყენებით ვზოგავთ ახალ რესურსებს, ხოლო ძველი რესურსები ნარჩენების ნაკადში არ შედის.
  • Ø გადამუშავება: ნარჩენი მასალების ახალ პროდუქტად გადაქცევა, მათი ორიგინალური ფორმის შეცვლა ფიზიკური და ქიმიური პროცესებით. მიუხედავად იმისა, რომ გადამუშავება იყენებს ენერგიას, ის ხელს უშლის ახალი რესურსების გამოყენებას და ძველი მასალების ნარჩენების ნაკადში შეღწევას.

ურბანიზაციის დადებითი და უარყოფითი ეფექტები შეგვიძლია განვიხილოთ ეკოლოგიურ ჭრილშიც.

ურბანიზაციის დადებითი გავლენა რეგიონალური ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. სოფლის მოსახლეობის შემცირება, პირველ რიგში, ამსუბუქებს სოფლის მეურნეობის რესურსებსა და სოფლის ეკოლოგიაზე ზეწოლას, რასაც დადებითი გარემოსდაცვითი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამავდროულად, ქალაქის მოსახლეობის მატება და სოციალური ინვესტიციების ზრდა ქალაქებში, განაპირობებს ქალაქად მაცხოვრებელთა  განათლების დონის ამაღლებას და  შესაბამისად  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ყველა ამ ფაქტორს აქვს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ურბანულ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. მეორეც, როდესაც ქალაქის ეკონომიკური განვითარების დონე უმჯობესდება, ოპტიმიზებულია ურბანული ეკონომიკური სტრუქტურა, დამოკიდებულება მოსახლეობას, რესურსებს და გარემოს შორის კოორდინირებულია, რაც დადებითი ეფექტი შეიძლება იყოს ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის.

ურბანიზაციის უარყოფითი გავლენა ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. პირველ რიგში, მრეწველობის განვითარება იწვევს ჰაერის სერიოზულ დაბინძურებას, ხოლო თანამედროვე ქალაქის მაღალსართულიანი შენობა-ნაგებობების სიმრავლე დამაბინძურებლის გავრცელებას  აადვილებს, რაც სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. მეორეც, საქალაქო დასახლებების არეალის  გაფართოება  ცვლის მიწათსარგებლობის სტრუქტურას. ურბანული სივრცის გავლენა ეკოლოგიურ გარემოზე  ძირითადად აისახება სამშენებლო მიწის ფართობის ზრდასა და ისეთი მიწის ფართობის მუდმივ შემცირებაზე, როგორიცაა სახნავი მიწა, ტყე, მდელოები და ჭაობები. ანუ ინდუსტრიალიზაცია მართლაც აუმჯობესებს ხალხის ცხოვრების დონეს, მაგრამ ეს იწვევს სერიოზულ ეკოლოგიურ დაბინძურებას და გარემოს დაზიანებას.

მდგრადი განვითარების შეფასება ეკოლოგიურ ჭრილში ხდება ეკოლოგიური მდგრადობის (ეფექტიანობის) ინდექსით EPI (იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიური კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცენტრის, კოლუმბიის უნივერსიტეტის, მსოფლიო ეკონომიკური  ფორუმისა და ევროკომისიის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი). იგი არის სახელმწიფოს პოლიტიკის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების რაოდენობრივი შეფასების მეთოდი.  ინდექსი ეფუძნება შედეგზე ორიენტირებულ ინდიკატორებს და გამოიყენება როგორც საორიენტაციო ინდექსი, რომელსაც იყენებენ პოლიტიკის შემქმნელები, გარემოს შემსწავლელი მეცნიერები, ფართო საზოგადოება. ზოგჯერ ამ ინდექსს მოიხსენიებენ როგორც გარემოსდაცვითი მდგრადობის ინდექსს (ESI), რომელიც გარემოს მდგრადობის მიმართულებით პროგრესის საზომია [Wolf, M. J., Emerson, J. W., Esty, D. C., de Sherbinin, A., Wendling, Z. A., et al. (2022)].

საქართველოში ეკოლოგიური მაჩვენებლების დინამიკას თუ გადავხედავთ, იკვეთება საკმაოდ ცუდი შედეგები  როგორც ზოგადად ინდექსის, ასევე ინდექსის ცალკეული კომპონენტების მიხედვით, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების დაცვის, ჰაერის ხარისხისა და სათბური აირების გაფრქვევის ზრდის მაჩვენებლები. 

ნახ. #2

 

წყარო: https://epi.yale.edu/epi-results 

მაგალითისათვის თუ განვიხილავთ სათბური გაზების ემისიას, 2000 წლიდან დღემდე მას კარგად გამოკვეთილი ზრდის  დინამიკა ახასიათებს. ეს, ცხადია, უკავშირდება  ურბანიზაციის მშენებლობების, სატრანსპორტო ქსელების ზრდასა და განვითარებას. ანუ ყველა იმ პროცესს, რომელთა ზეგავლენითაც იზრდება გარემოს დაბინძურება საქართველოში.

ნახ. #3

 

წყარო: www.Geostat.ge 

 

დასკვნა

ურბანიზაციის, როგორც მოვლენის მნიშვნელობაზე მეტყველებს ფაქტი, რომ მდგრადი განვითარების მიზნებში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ურბანიზაცია შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. ურბანული ქვეყნები გამოირჩევა შემოსავლების უფრო მაღალი დონით, ძლიერი ინსტიტუტებითა და სტაბილური ეკონომიკით და მათ შესწევთ უნარი, გაუძლონ მსოფლიო ეკონომიკურ რყევებს.

ამავდროულად, დადებით ეფექტებთან ერთად მას თან ახლავს ნეგატიური გავლენაც, რაც უმთავრესად უკავშირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, დაავადებათა ზრდას და ა.შ.  თუ  გავაანალიზებთ და შევაფასებთ ურბანიზაციისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დინამიკას, ცხადად იკვეთება, რომ ურბანიზაციის დონის ზრდის პარალელურად გაუარესებულია ეკოლოგიური უსაფრთხოების მახასიათებლები, როგორიცაა ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი და გარემოს დაბინძურების მაჩვენებლები. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ლ. თოთლაძე (2023), ურბანიზაციის  შემოსავლების განაწილებაზე ზეგავლენის  მოდელირება.საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომისტი“ #2, 2023, გვ. 104-115. DOI:10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.02.LIA.TOTLADZE
  2. Cristelli, M., Batty, M. & Pietronero, L. (2012). There is More than a Power Law in Zipf. Sci Rep 2, 812 . https://doi.org/10.1038/srep00812
  3. Bedianashvili, Givi, KNOWLEDGE ECONOMY, ENTREPRENEURIAL ACTIVITY AND CULTURE FACTOR IN MODERN CONDITIONS OF GLOBALIZATION: CHALLENGES FOR GEORGIA (June 5, 2018). Available at http://dx.doi.org/10.2139/ssrn.4228607
  4. Li He, Xiaoling Zhang (2022). The distribution effect of urbanization: Theoretical deduction and evidence from China. Habitat International. 123.  doi.org/10.1016/j.habitatint.2022.102544;   
  5. Xavier Gabaix (1999). Zipf's Law for Cities: An Explanation.   The Quarterly Journal of Economics, Oxford University Press. Vol. 114, No. 3, pp. 739-767;
  6. Liddle, B. (2017). The Urbanization, Development, Environment, and Inequality Nexus: Stylized Facts and Empirical Relationships. ADBI Working Paper 788. Tokyo. https://www.adb.org/publications/urbanizationdevelopment-environment-and-inequality-nexus;
  7. Nguyen Minh Ha, Nguyen Dang Le, Pham Trung-Kien (2019). The Impact of Urbanization on Income Inequality: A Study in Vietnam. J. Risk Financial Management,  12, 146; doi:10.3390/jrfm12030146;  
  8. Totladze L., Khuskivadze M, Veshapeli G. (2022). THE ROLE OF HUMAN CAPITAL IN THE FORMATION OF DETERMINANTS OF INNOVATION ACTIVITY. ECONOMICS, BUSINESS AND ADMINISTRATION, [S.l.], n. II, p. 71-80, ISSN 2720-8249. Available at: http://www.sciencejournals.ge/index.php/bu/article/view/302 ;
  9. Totladze L. (2020) Government Expenditure on Education and R&D as a Factor of Human Capital and its Impact on Economic Growth.  საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი. „ეკონომისტი“,  2020, #2. ISSN 1987-6890 https://doi.org/10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.02.TOTLADZE ;
  10. თოთლაძე ლ., ხუსკივაძე მ. (2022). ადამიანკაპიტალის გაზომვის კონცეპტუალური  ასპექტები. საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“,  #3.  ISSN 1987-5789, ESSN2587-5426; https://doi.org/10.56079/20223/5;